20 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
რუსეთის მხრიდან ცინიზმი - საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთის მიერ ტატუნაშვილის ოჯახისადმი მიწერილი წერილის შინაარსზე

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. უწყების წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი“ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადება ცინიკურია.

„რუსეთის მხრიდან ცინიზმი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით არ არის პირველი და სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება უკანასკნელი, მაგრამ ჩვენ რას უნდა ველოდოთ, თუ არა ამდაგვარ დამოკიდებულებას ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გედევან ფოფხაძე, რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ხუნდაძის შეფასებას იზიარებს და აცხადებს, რომ "ცინიკურია".

„რუსეთს, ფაქტობრივად, აქვს ასეთი პოზიცია არჩეული, რომ როცა უნდა, გვესაუბრება საერთაშორისო სტანდარტებით, ხოლო რეალურად ის, რომ ცხინვალში სწორედ ისაა ოკუპანტი და ის არის ავტორი იმ ანკლავის, რომელიც იქ შეიქმნა, ეს არის რეალობა,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, აცხადებს, რომ რუსეთი აკონტროლებს სიტუაციას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში.

„სტრასბურგიც არსებობს, საერთაშორისო სამართალიც არსებობს და არსებობს ნორმები ადამიანური და არსებობს კიდევ რეალური ანალიზი შექმნილი პოლიტიკური ვითარების, რომ რუსეთი რეალურად ახორციელებს ამ ტერიტორიაზე მმართველ ფუნქციას,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები