20 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ივანიშვილის შურისძიება კვირიკაშვილის გუნდზე - ოპოზიცია ეკონომიკის სამინისტროში პროკურატურის შესვლას ეხმაურება 

პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობით ინტერესდება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ საგამოძიებო უწყება ტირპარკების მოწყობასა და ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ითხოვს.

უცნობია, უკავშირდება თუ არა საგამოძიებო უწყების ინტერესი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პროკურატურაში დაბარებას და გამოკითხვას. თუმცა, ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ საგამოძიებო უწყების ინტერესს კორუფციასთან ბრძოლასთან კავშირი არა აქვს.

ტირპარკები, რომლითაც დაინტერესებულია საგამოძიებო უწყება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. ეს არის სპეციალური ადგილი, სადაც სატვირთო ავტომობილები და ტრაილერები საზღვრის გადაკვეთამდე ლიცენზიის მისაღებად ჩერდებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით კურიერმა სიუჟეტი, დაახლოებით, ორი თვის წინ მოამზადა. საქმე ეხებოდა შესაძლო კორუფციულ გარიგებებს, რომელშიც, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულნი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, ასევე აჭარის მთავრობიდან.

სახელდებოდნენ კონკრეტული პირები, რომელთა ლობირებითაც შერჩევითობის პრინციპით გაიცემოდა სპეციალური ლიცენზიები. ერთ-ერთი ასეთი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, ზურაბ პატარაძე, იყო.

ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ შესაძლოა, დაწყებული გამოძიება გიორგი კვირიკაშვილის გუნდზე პოლიტიკურ  შურისძიებას უკავშირდებოდეს.

„ეს ჩაითვლებოდა კიდეც კორუფციასთან ბრძოლად, რომ დაწყებულიყო მაშინ, როდესაც ქუმსიშვილიც და ალავიძეც იკავებდნენ თანამდებობებს, მაგრამ მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ წააგეს  ბიძინა ივანიშვილის კარზე კვირიკაშვილთან ერთად ბრძოლა და შესაბამისად, პროკურატურა რომელ სამინისტროშიც არ უნდა შევიდეს ახლა, რაც არ უნდა გამოითხოვოს და რაც არ უნდა გააკეთოს, ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.  

დღის ამბები