„ეს არის უპატივცემულობა ამომრჩევლების და მთლიანად საზოგადოების მიმართ და ნუ ამოეფარება რაღაც ინტრიგებზე მსჯელობას პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში,“ - ასე აფასებს პარლამენტის წევრი, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას.
გიგა ბოკერია გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას მას შემდეგ აპირებს, რაც მარგველაშვილის პოზიციას გაიგებს.
„ამ გაუგებარ და ნარცისისტულ მსჯელობაზე კომენტარი არ მსურს მეტი, მთავარი საკითხი არის პატივისცემა საკუთარი ამომრჩევლების და საზოგადოების მიმართ. ამიტომ ელის ყველა მისგან სიცხადეს მის გეგმებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ის არის მოქმედი პრეზიდენტი და რას აპირებს და როგორ აპირებს, ეს უნდა უთხრას საზოგადოებას დროზე და არა ბოლო წამს რაღაც გაუგებარი ინტრიგების გამო,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.