„ვინც არ უნდა დავასახელოთ, გიორგი მარგველაშვილთან შედარებით, მაინც გვექნება სამმაგი სხვაობა ამ საპრეზიდენტო არჩევნებში,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, როდესაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს იმიტომ, რომ მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებში გამარჯვების მაღალი შესაძლებლობა აქვს.
ირაკლი კობახიძემ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი 20%-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
„ვინც არ უნდა დავასახელოთ, გიორგი მარგველაშვილთან შედარებით, მაინც გვექნება სამმაგი სხვაობა ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამიტომ, ნუ დაელოდება ქართული ოცნების კანდიდატს, თვითონ გარისკოს, გადაწყვიტოს, უღირს თუ არ უღირს გარისკვად. აქ ვარ მე და აქ ხართ თქვენ, გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე ადგილზე გასული ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20%-ზე მეტს. შესაბამისად, აქედან თქვენ შეგიძლიათ, განსაჯოთ, ჩვენ ველოდებით სხვას თუ სხვა გველოდება ჩვენ,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს მმართველი გუნდი ადგენს და არა პრეზიდენტი.
„არის ასეთი ანეგდოტი მოუხელთებელი ჯოს შესახებ და შეიძლება, გავიხსენოთ ეს ანეგდოტი - არ შეიძლება, თავის თავი წარმოაჩინოს ისეთ ფიგურად, რომელიც ის რეალურად არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ამ ქვეყანაში. პოლიტიკურ დღის წესრიგს არსებითად განსაზღვრავს ქართული ოცნება 2012 წლიდან, მოსწონს ეს მარგველაშვილს თუ არ მოსწონს. ვიცით, რომ არ მოსწონს. შესაბამისად, ამ დღის წესრიგის განსაზღვრაში პრეზიდენტის როლი არის მინიმალური,“ - განაცხადა კობახიძემ.