ევროპულმა საქართველომ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. ბაქრაძე პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, წარუდგინა.
დავით ბაქრაძემ თანაგუნდელებს და მხარდამჭერებს მიმართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„დღეს აქ თქვენს თვალებში ვხედავ იმას, რაც ასე აკლია საქართველოს და რისი დაბრუნებაც იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. თქვენს თვალებში ვხედავ იმედს და რწმენას. იმედს იმისა, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს უკეთესი და რწმენას, რომ ჩვენ ბრძოლას აქვს აზრი. ეს უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, რომ ყველამ გაიგოს, ბრძოლას აქვს აზრი. თუ ჩვენ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, აუცილებლად საქართველო წავა წინ და იქნება უკეთესი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, ევროპული საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების დროს იბრძოლებს პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, მაგრამ არც ერთი ადამიანის წინააღმდეგ, რადგან ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ სხვა პარტიებს, საქართველოს მოქალაქეები არიან.
„ამიტომ მე დღეს ვაცხადებ, რომ ჩემი ამოცანა არ იქნება კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლაც კი. მთავარი ამოცანა იქნება დავამარცხოთ უიმედობა, დავამარცხოთ გაჭირვება, დავამარცხოთ კითხვა, რომ არაფერი გვეშველება. აი, ეს უნდა დავამარცხოთ საქართველოში იმიტომ, რომ არ არსებობს, ჩვენ დავკარგოთ საქართველოს ხვალინდელი დღის იმედი. საქართველოს არასდროს არ ჰქონია ადვილი ხვალინდელი დღე. ჩვენი წინაპრები ყოველთვის იბრძოდნენ უკეთესი მომავლისთვის, ამიტომ არ მოხდება ისე, რომ ჩვენმა თაობამ, ჩვენმა გუნდმა ხელები ჩამოვუშვათ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გააზრებულად, მშვიდობიანად, ერთიანად წაიყვანს წინ საქართველოს.
"ვისაც გინდათ კაბინეტში დამჯდარი პრეზიდენტი მე ნუ მომცემთ ხმას,"- მიმართა ბაქრაძემ მხარდამჭერებს.