20 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ყოფილი მოსამართლე, ვალერი ცერცვაძე, სასამართლოს ხელმძღვანელობის პარალელურად, ბიზნესს საქმიანობას ეწეოდა - "კურიერმა" მიმოწერა მოიპოვა

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასამართლო ინსტანციის ხელმძღვანელს, ვალერი ცერცვაძეს, პარალელურად მილიონიანი ბიზნესი აქვს. კურიერმა მოიპოვა სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლოს ხელმძღვანელობის პარალელურად, ვალერი ცერცვაძეს ბიზნესს საქმიანობას ეწეოდა.

წერილებში ჩანს, რომ სამოსამართლეო საქმიანობის პარალელურად, ცერცვაძე ელექტროტექნიკის მაღაზიათა ქსელს - აიტექნიკს, მართავდა.

კომპანია დღეს ოფიციალურად ცერცვაძის ცოლის ძმას ეკუთვნის, თუმცა, კურიერის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, აქციების რეალური მფლობელი სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე თავად არის.

ვალერი ცერცვაძის ელექტრონული ფოსტის მიმოწერა ნამდვილად რომ სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ეკუთვნის, დაადასტურა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.  წერილებს ვალერი ცერცვაძე კომპანია აიტექნიკის მაშინდელ დირექტორს, ვახტანგ ჟუჟუნაძეს, წერდა, რომელმაც ერთი წლის წინ ცერცვაძის კომპანია დატოვა.

ცერცვაძის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ღიად ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონკურენტების ჩამოსაშორებლად საკუთარ გავლენებს იყენებდა, ასახელებს კონკრეტულ მაგალითებსაც და აღწერს, როგორ ებრძოდა წესების გარეშე ცერცვაძის აისტაილი აიპლუს.

მოსამართლის წერილები კურიერმა აიპლუსის ხელმძღვანელს აჩვენა. აღმოჩნდა, რომ მათ ამ დოკუმენტების არსებობის შესახებ აქამდეც იცოდნენ, თუმცა, საჯაროდ არ უსაუბრიათ.

კურიერის მიერ დღეს გასაჯაროვებული დოკუმენტაცია შესაძლოა, ვალერი ცერცვაძისთვის ახალი სამართლებრივი ბრძოლის მიზეზი გახდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი მასალების გაცნობის შემდეგ საგამოძიებო უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. ისინი სასამართლოს საქმიანობაში შესაძლო ჩარევისა და კორუფციის ნიშნებზე მიუთითებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში, რომელმაც ცოტა ხნის წინ სასამართლოში ელიტური კორუფციის შესახებ ხმაურიანი კვლევა გამოაქვეყნა და მოსამართლეების კრიტიკაც დაიმსახურა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე საუბრობენ.

კურიერის ინფორმაციით, ვალერი ცერცვაძის ყოფილი ბიზნესპარტნიორის წერილი კონკურენციის სააგენტომ რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა ეტაპზეა გამოძიება და ამ მასალების გასაჯაროვების შემდეგ მოუწევს თუ არა ყოფილ მოსამართლეს გამომძიებლებთან მისვლა.

დღის ამბები