ქართული ოცნების ორ ფრთას შორის დაპირისპირება ახალი განზომილებაში გადავიდა - ჭიათურის ქალაქის მერი, რომელიც რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ღია კონფლიქტშია, დარწმუნებულია, რომ რესტორნაში ნასვამი მოქალაქეები შეუგზავნეს და კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს.
პაატა სვანიძეს მისი თანაქალაქელი, მამუკა მახათაძე, ცემაში ადანაშაულებს. შემდუღებელი ამტკიცებს, რომ მთვრალმა მერმა ის რესტორანში სასტიკად სცემა, რადგან სიმღერის შეკვეთის რიგში ადგილი არ დაუთმო.
ვინ დაწერა ბინძური პოლიტიკური სცენარი, ჭიათურის მერი გვარებს კამერის წინ არ ასახელებს, თუმცა, ქალაქში ყველამ იცის, რომ მერს დეპუტატთან ომი აქვს. პირად საუბრებში მერი მხარდამჭერებს უყვება, რომ რესტორანში ჩხუბის პროვოცირება დეპუტატ მახათაძის ან პოლიციის უფროსის, ლაშა ჩხიტუნიძის, დაკვეთით მოხდა.
ის, რასაც მერი კამერების წინ არ ამბობს, არ მალავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ინნა ასანიძე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი ადგილობრივ ხელისუფლებას წესების გარეშე ებრძვის და პეტრე-პავლობის საბედისწერო ღამესაც პროვოკაცია სულხან მახათაძის დაკვეთით მოუწყვეს.
ინა ასანიძე სკანდალის შუაგულში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ადგილობრივმა შემდუღებელმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ცემაში დაადანაშაულა.
მამუკა მახათაძე ამტკიცებს, რომ ასანიძემ მას ზურგში ბოთლი ჩაარტყა. ადგილობრივი ჩინვონიკი დარწმუნებულია, რომ ჩვენება მის წინააღმდეგ პოლიციამ ზეწოლით მიაცემინა
ფაქტს, რომ პოლიციისთვის, მომხდარის გამო, საკუთარი სურვილით არ მიუმართავს, ადასტურებს ამ ინციდენტის ერთ-ერთი დაზარალებული. მამუკა მახათაძე ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის თანასოფლელი და მოგვარეა.
მომხდარის გამო გამოძიება უკვე დაწყებულია. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჭიათურის პოლიციის უფროსმა, ლაშა ცხიტუნიძემ, სატელევიზო ინტერვიუზე კატეგორიული უარი განაცხადა. მან კავშირი მაჟორიტარი დეპუტატთან და მომხდარ ინციდენთტან კატეგორიულად უარყო.
ჭიათურაში მომხდარი პოლიტიკური ჩხუბის მთავარ გმირად ისევ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე რჩება. პარლამენტის წევრი მომხდარის შემდეგ არც პარლამენტში გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. თუმცა, არ არის გამორიცხული, მას საგამოძიებო უწყებაში მოუწიოს კითხვებზე პასუხების გაცემა.