თბილისში გამთენიისას ევროპარლამენტის მომხსენებელი, ანდრეის მამიკინსი ჩამოფრინდა. მას პირველი შეხვედრა პარლამენტში, თამარ ხულორდავასთან ჰქონდა. საკანონმდებლო ორგანოში მამიკინსი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
დღესვე ევროპელ დეპუტატს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი და პატრიარქი. შეხვედრაა დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრთან.
უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მამიკინსი უკვე ხვალ შეხვდება. ორდღიანი ვიზიტის ბოლო შეხვედრა პრემიერთან არის დაგეგმილი.
„ევროპარლამენტი ამზადებს ანგარიშს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და ამ თემაზე ევროპარლამენტის მიერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განსაზღვრული მომხსენებელი გახლავს ანდრეი მამიკინსი... ჩვენ გვექნება საუბარი ყველა სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ეს შეეხება, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობას, ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობას,“ - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხოლორდავამ.