„მოვიდა ჩემს კაბინეტში სუბელიანი, გაფითრებული და დაბნეული იყო... სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია რა გაეკეთებინა,“ -ეს განცხადება, თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
შაყულაშვილის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ ის მირზა სუბელიანს პირადად შეხვდა.
ყოფილმა პროკურორმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ მირზა სუბელიანი ჯერ ტელეფონით დაეკონტაქტა, შემდეგ კი მის კაბინეტში მივიდა და უთხრა, რომ სისხლიანი გარჩევა მისი შვილის და შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა.
მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, მას მირზა სუბელიანმა რჩევა ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო, რის შემდეგაც მან პოლიციაში მისვლა და ჩვენების მიცემა ურჩია.
ყოფილი პროკურორი ამბობს, რომ მირზა სუბელიანის პროკურატურაში მისვლის შესახებ და ასევე მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი პროკურატურის თანამშრომლებს შეატყობინა.
„პირველ დეკემბერს, ამ ფაქტის შესახებ რომ გავიგე, დაახლოებით, 14:15 საათზე ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი და აღმოჩნდა, რომ მირზა იყო სუბელიანი. მაშინვე ვგრძნობ, რომ რაღაც ინფორმაცია აქვს ამას და ვეუბნები მოდი სასწრაფოდ. მეუბნება, რომ 51-ე სკოლასთან, რომ მოხდა ეს უბედურება, ეს მოხდა ჩემი შვილის და ჩემი შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო, რის შემდგომაც ჩემმა შვილმა გადაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავის მხრივაც წამოიყვანა თავისი მეგობრები, გავიდნენ გვერდზე ქუჩაზე, სადაც მოხდა ჩხუბი. მირზა, შენი შვილი უშუალოდ არის მკვლელობაში გარეული თუ არ არის, და ვის ეჭირა დანა. რაზედაც მპასუხობს, რომ მე შვილი ასე არ გამიზრდია, რომ უშუალოდ მკვლელობაში იყოს ჩარეული, ხოლო ვინ იხმარა დანა, არ ვიცი," - განაცხადა შაყულაშვილმა.
ყოფილი პროკურორის თქმით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებით ეჭვი იმ ვიდეოკადრების ამოღების შემდეგ გაჩნდა, სადაც ჩანდა, სუბელიანი ერთ-ერთი მოწმის ოჯახში იმყოფებოდა.
"მირზას დაკითხვის აუცილებლობა მისი შვილის თანამშრომლობის დროს, არ იყო. ვიღებთ ჩვენ ამოღებული ვიდეოკამერებიდან, რომ მირზა სუბელიანი, ის „რუსთავი 2-ის“ ცნობილი კადრები, რაც საქმიდან გავიდა, ამას ვიგებთ, რომ მირზა სუბელიანზე ჩნდება ეჭვი. რაღა თქმა უნდა, ეჭვის საფუძველი იყო, რაღა თქმა უნდა, დასაკითხი იყო, ორი აზრი არ იყო მანდ. მაგრამ იმ შემთხვევაში ის იყო დაცვის მოწმე და ჩვენგან დაკითხვა, უკვე 100-დან 100 პროცენტში აღიქმებოდა დაცვის მოწმეებზე ზეწოლად,“ - განაცხადა შაყულაშვილმა.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, როცა აღმოაჩინეს, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მალავს ინფორმაციას, რატომ არ გახდა ეს საფუძველი იმის, რომ კრიტიკულად შეეხედათ მანამდე გაკეთებული დასკვნებისთვის. რაზეც პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს არ გახდა ეჭვის საფუძველი, რადგან ის დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიაში იყო და მოხსნეს დასაკითხთა სიიდან, განაჩენის წინა დღეს.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილი მიხეილ შაყულაშვილის შვილის კლასელი და მეგობარი იყო.