„ბიძინა ივანიშვილი ვისაც გადაწყვეტს, ის იქნება დასახელებული კანდიდატად,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.
ოთარ კახიძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურას ბიძინა ივანიშვილი წყვეტს და არა მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო.
„ყველაზე მეტი შანსი, რომ იყოს დასახელებული ამ კანდიდატებიდან, ექნება ბიძინა ივანიშვილს და ზოგადად, ბიძინა ივანიშვილი ვისაც გადაწყვეტს, ის იქნება დასახელებული კანდიდატად და არა ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო ან რაღაც სხვა კოლეგიური ორგანოები ამას არ წყვეტენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, პრეზიდენტი გახდება ქართველი ხალხის რჩეული, მთავარია, რომ ოპოზიციურმა ელექტორატმა არ დაიზაროს არჩევნებზე მოსვლა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
დღეს ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატები დაასახელა, მათ შორის, არ გამორიცხა საკუთარი თავიც.
ჩამონათვალში მოხვდა პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, დევნილთა ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და თავად ბიძინა ივანიშვილი.