„შოთაძე ადგა და გადადგა, თუმცა, ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ პროკურატურამ ან გადაამეტა ძალაუფლებას ან ვერ შეასრულა,“ - ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, პირველი არხის ეთერში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ტრაგიკულია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოების რეაქცია პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით იყო ძალიან მძაფრი და სენსიტიური. პროკურატურამ ადეკვატურად უპასუხა. მხედველობაში მაქვს ის, რომ შოთაძე ადგა და გადადგა, თუმცა, ჯერ არავის დაუმტკიცებია და არც მტკიცებულებები ჩანს, რომ პროკურატურამ ან გადაამეტა ძალაუფლებას, ან ვერ შეასრულა, ან პიროვნულად ჰქონდა მას რაღაც დამოკიდებულება, რასაც გამოვრიცხავ შოთაძის მხრიდან. საზოგადოების ძალიან მძაფრ ემოციურ განცდას ძალიან ადეკვატურად უპასუხა შოთაძემაც და მთელმა მთავრობამაც,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.