საკრებულოში თბილისის გენერალური გეგმის განხილვა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის შეფასებით, გენგეგმის დოკუმენტში ბევრი ხარვეზი და გაურკვევლობაა. მათი აზრით, გენგეგმა თბილისელების ინტერესებზე არ არის მორგებული.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, უფლებრივი ზონირების რუკებში განაშენიანების ნებართვასა და აკრძალვაზეც არის საუბარი.
„ეს არის კალაძის ბიზნესგეგმა და არა თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი გენერალური გეგმა, რომელიც უნდა მივიღოთ იმიტომ, რომ სკვერებში კორპუსების აშენება არის წარმოუდგენელი და ამის გაკეთება არ შეიძლება. ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ვთქვათ, მის პროექტს გენერალურმა გეგმამ და მერიამაც დაადო და მოიწონეს, რომ არის ისტორიული ლანდშაფტის ზონა და იქ მშენებლობა არ შეიძლება, თუ მშენებლობაა, დემონტაჟი უნდა მოხდეს, თუმცა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს მშენებლობას არავინ დაუნგრევს, კარგად ვიცით,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
საკრებულოს უმრავლესობამ ოპონენტები წინა ხელისუფლების დროს ყოფილი სასტუმროს აჭარის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებაში დაადანაშაულა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„აჭარის წინ ტერიტორია ვინ გაყიდა, თქვენი ხელისუფლების დროს გაიყიდა თუ არა, თბილისელმა ამომრჩეველმა და მოსახლეობამ ამაში ხარკი უნდა გადაიხადოს, თქვენ ამაზე ხმას როგორ იღებთ,“- მიმართა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ ოპონენტებს.
რევაზ სოხაძის შეფასებით, „პანორამა თბილისი“ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც შეიძლება ახლა თბილისში განხორციელდეს.
დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას თბილისის მერიაშიც გამოეხმაურნენ. მერის მოადგილის, მაია ბითაძის შეფასებით, გენგეგმასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გამოთქმული შენიშვნები აბსტრაქტული და სასაცილო იყო.
გენერალური გეგმის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გენგეგმა ყოველთვის არის ზოგადი და მის საფუძველზე სხვა ჩარჩო დოკუმენტები უნდა შეიქმნას. მათივე აზრით, დოკუმენტში იმაზე მეტი შეზღუდვაა, ვიდრე ეს წინა გეგმაში არსებობდა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.