"ქართული ოცნებიდან" გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, მხარს უჭერს.
საუბარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებებზე, სადაც ივანიშვილმა თქვა, რომ კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მართვას, აღარ ჰქონდა რესურსი, ნდობა პარლამენტში და მთავრობაში.
ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მთავრობასთან ერთად შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა პარლამენტმაც უნდა აიღოს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
„ჩემი დაპირისპირება ამ საკითხთან მიმართებაში იყო საკმაოდ მძაფრი და მე დღეს მიხარია, როდესაც ჩემი კოლეგები იზიარებენ ამ აზრს. მაშინ, სამწუხაროდ, ისინი კვირიკაშვილის მხარეს იყვნენ. ერთადერთი, ვისაც ვიტყვი, თამარ ჩუგოშვილი მიჭერდა მხარს ამ საკითხში, ეკონომიკურ კომიტეტზე არ არის საუბარი, მაგრამ სხვა ხელმძღვანელობიდან თამარ ჩუგოშვილი იზიარებდა მხოლოდ ამ აზრს და მისი მხარდაჭერა იგრძნობოდა კიდევაც, კანონის მიღების პერიოდში. დანარჩენი, ახლა მოხარული ვარ, რომ დღეს ყველა იზიარებს და იქნებ, როგორმე ხალხს ეშველოს.
"არ უნდა იყოს ცალკე პარლამენტი და არ უნდა იყოს ცალკე აღმასრულებელი ხელისუფლება. მით უმეტეს, როდესაც მაკონტროლებლის ფუნქცია აკისრია საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტს, ამიტომ მისი პასუხისმგებლობა არანაკლებია, ვიდე მთავრობის და მე ვფიქრობ, თუ მივეჩვევით იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება თუ მიდის, ის უშვებს შეცდომას, მაშინ პარლამენტიც უნდა წავიდეს და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამითი გაძლიერდება პარლამენტარიზმი ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.