მთავარი პროკურორის მოადგილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრების შემდეგ, მთავარი პროკურორის მოადგილეებს კითხვები მმართველი გუნდის წევრებმა დაუსვეს. დეპუტატები ფარდულის დემონტაჟით დაინტერესდნენ. ანრი ოხანაშვილმა იკითხა ჰქონდა თუ არა ვალდებულება პროკურატურას, როგორც ნივთმტკიცება ფარდული დაეცვა.
„ჰქონდა თუ არა ვალდებულება საგამოძიებო ორგანოს ან პროკურატურას უნდა განეხორციელებინა თუ არა ამაზე ზედამხედველობა და გაეკონტროლებინა, რომ ფარდულის დემონტაჟი არ ყოფილიყო,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გობიტაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, იმ დრომდე სანამ ფარდულში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები ის იყო დაცული. შემდეგ კი ამის ვალდებულება პროკურატურას აღარ ჰქონდა.
„ამ ფარდულის დაცვის ვალდებულება საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულებამდე. ეს ვალდებულება საგამოძიებო ორგანოებმა შეასრულეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულებამდე იქ რაიმე უხეში ჩარევა არ მომხდარა. მიყვანილი იქნა შესაბამისი კრიმინალისტები. აიღეს ყველა შესაძლო კვალი რაც ფარდულში იყო დაფიქსირებული. იმ საქმისთვის რაიმე ინფორმაცია არ დაკარგულა. ყველა ინფორმაცია, რომელსაც ფარდული შეიცავდა არის მოხვედრილი სისხლის სამართლის საქმეში,“-განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მთავარი პროკურორის მოადგილეებს დაუსვეს ზაზა სარალიძეს და მის მიერ გაკეთებულ კომენტარებს შეეხებოდა. კერძოდ, ეკა ბესელია დაინტერესდა ხომ არ ფლობდა ზაზა სარალიძე რაიმე ისეთ ინფორმაციას, რომელიც დაეხმარებოდა გამოძიებას და დაინტერესდა თუ არა ვინმე ამ ინფორმაციით. რაზეც თბილისის პროკურორის მოადგილემ კონსტანტინე სირაძემ განაცხადა, რომ ის პირადად შეხვდა სარალიძეს.
„მე გამოვთქვი სურვილი, რომ შევხვედროდი ბატონ ზაზას. ეს შეხვედრა შედგა ჩემთან კაბინეტში. მას ახლდა მისი ადვოკატი და ამ შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე ბატონი ზვიადი. ამავე დროს ვკითხე თუ ჰქონდა რაიმე კონკრეტული ინფორმაცია და ვთხოვე მასაც და მის ადვოკატსაც, ქალბატონ ნესტანსაც კონკრეტული ინფორმაცია რაც მე საშუალებას მომცემდა , რომ გარკვეული მიმართულებით, რაც იმ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილი არ იყო გაგვეგრძელებინა ჩვენ მუშაობა. ბატონმა ზაზამ თქვა ესეთი რაღაც, რომ ბავშვები თქვენთან არ ამბობენ მაგრამ ჩემთან ამას იძახიან,“-განაცხადა თბილისის პროკურორის მოადგილემ კონსტანტინე სირაძემ.