მომავალი პრეზიდენტის ვინაობა ამ დრომდე თვით "ქართული ოცნების" წევრებისთვისაც ამოუხსნელი ინტრიგაა. ბიძინა ივანიშვილი მოკლე ჩამონათვალს კი ასახელებს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ შესაძლოა მმართველმა პარტიამ არც არავინ წარადგინოს.
ბიძინა ივანიშვილის ტელე ინტერვიუს შეფასებები მოყვა ექსპერტების მხრიდან. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ივანიშვილს პრეზიდენტობა სურს და საზოგადოებრივ აზრს ტესტავს, როგორ მიიღებს ხალხი მის კიდევ ერთხელ ლიდერობას.
გია ნოდია კი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, ფსონი დამოუკიდებელ კანდიდატზე დადოს, რადგან მარგველაშვილის გამოცდილებამ აჩვენა, რომ პარტიული კანდიდატურა ერთგულებას არ ნიშნავს.
ბიძინა ივანიშვილმა ტელეინტერვიუში აღიარა ის, რასაც მედია ბოლო სამი თვე ჰყვება. „ოცნებაში“ პრეზიდენტობის კანდიდატზე დიდი დაპირისპირებაა. გუნდი ითხოვს, რომ კანდიდატი მათი რიგებიდან შეარჩიონ. მოკლე ჩამონათვალი თავად ივანიშვილმა დაასახელა, თუმცა ხუთი კანდიდატიდან ყველას წინააღმდეგია თავად ივანიშვილი. ის ფიქრობს, ბოლო პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციას ან დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუთმოს.
ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთა გვარებზე ღიად ალაპარაკდა.
10 ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაასახელებს „ქართული ოცნება“, რადგან ქვეყნაში შექმნილ ვითარებას კონკრეტული პერსონები ვერ შეცვლის, თუკი "ოცნებამ" თავისი მმართველობის სტილზე უარი არ თქვა.
დავით ბაქრაძე კი ამბობს, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა ექნება, საბოლოოდ "ოცნების" კანდიდატი გახდება, ამიტომ ეს მოჩვენებითი დემოკრატია პოლიტიკური მოცემულობას არ ცვლის.
ბიძინა ივანიშვილის გეგმა მოულოდნელი არ ყოფილა კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის. ნინო ბურჯანაძე, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში სულ მალე ჩაებმება, მიიჩნევს, რომ თუკი ივანიშვილის საპრეზიდენტო სავარძელს ოპოზიციას დაუთმობს, ეს აუცილებლად მართული ძალა იქნება.
„ქართული ოცნების“ პარალელურად, გაურკვეველი მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის გეგმები რჩება. პრეზიდენტმა რომელმაც სულ მალე არჩევნების თარიღი უნდა დაასახელოს, ისიც უნდა თქვას, დაემშვიდობება თუ არა ავლაბრის სასახლეს, თუ დამოუკიდებლად, პარტიის გარეშე შეეცდება ამომრჩევლის გულის მოგებას და კენჭისყრას.