გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო ტურნე სამეგრელოდან დაიწყო. გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში მატარებლით გაემგზავრა. მასთან ერთად კი მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ში შემავალმა ცხრა პარტიის ლიდერებმა იმგზავრეს.
მოსახლეობის პრობლემების მოსმენა გრიგოლ ვაშაძეს მატარებლის ვაგონშივე მოუწია. სოციალური, ეკონომიკური და სხვა სახის პრობლემებთან ერთად, მოქალაქეები განათლების სფეროში აუცილებელ რეფორმებზე საუბრობენ.
ადგილობრივებთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მიმართ ინტერესი იმ ტურისტებმაც გამოხატეს, რომლებიც სამეგრელოში მატარებლით მიემგზავრებოდნენ. ქართული სიმღერა ვაგონში საგანგებოდ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ჰოლანდიის და ბელგიის მოქალაქეებმა შეასრულეს.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან პირველ შეხვედრაზე ზუგდიდელები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
გრიგოლ ვაშაძე სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერებთან ერთად საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში სამეგრელოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.
ავტორი: თაკო სურგულაძე.