„ეს კაცი ზუსტად იმაზე ლაპარაკობს, თან გვძარცვავს და ამავე დროს ძარცვის მსხვერპლის მიმართ გამოხატავს თანაგრძნობას. ამაზე მეტი ცინიზმი, ამას სულელები ვგონივართ, მაგრამ მგონი, ხვდება, რომ მისი ბოლო ახლოა,“- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ საბანკო სექტორის კრიტიკას.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თავად აღიარა, რომ მისმა მმართველობამ საქართველოს მოსახლეობა გააღარიბა.
„ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პირით თქვა შემდეგი, რომ ექვსი წლის თავზე მისმა მმართველობამ მოიტანა მეტი სიღარიბე, მეტი კორუფცია, მეტი უიმედობა, ალბათ, გამორჩა, რომ ეთქვა, მეტი კრიმინალი. ეს არის ყველაზე სწორი შეფასება მისი ექვსწლიანი მმართველობის, რომელიც ჩვენ მივიღეთ თვითონ მისი პირიდან. ამდენი სიმართლე მას ცხოვრებაში არ უთქვამს,“- განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მონაცემები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ დაუმალეს, ინტერნეტშია განთავსებული.
„ეს მოხსენება გამოქვეყნებულია საერთაშორისო ორგანიზაციების საიტებზე, შეიძლება კომპიუტერის ხმარება მაგან არ იცის, მაგრამ ვიღაც ეყოლება ოჯახში, ვინც ხმარება იცის. მეორეც ერთი, არ უნდა ამას მოხსენება საერთაშორისო სავალუტო ფონდის. ერთხელ გასულიყო ქუჩაში და ერთხელ ენახა, ხალხი როგორ გაჭირვებაში, როგორ უბედურებაშია. ჩემს დროს სიღარიბე იგივე იუნისეფის მოხსენებებით, საქართველოში შემცირდა ზუსტად ორჯერ, ივანიშვილის დროს გაიზარდა. ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ეკონომიკა თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. მაშინ როდესაც 2016 წელს 2012 წელთან შედარებით, 500 მილიონი დოლარით იყო შემცირებული ერთიანი ეროვნული პროდუქტი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.