20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
თემურ ჯანაშია, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს პასუხობს და ე.წ. პიჯაკების საქმეზე ახალ დოკუმენტს ასაჯაროვებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს პასუხობს. იგი ე.წ. პიჯაკების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. დღეს ჯანაშიამ და მისმა ადვოკატმა, წარმოადგინეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, მაშინდელმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა თემურ ჯანაშიას დაავალა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებები შეესრულებინა.

გამოძიება თემურ ჯანაშიასა და მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ედავება. ჯანაშია, ბრალს აბსურდულად მიიჩნევს და თვლის, რომ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე გამოძიებამ ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაკითხოს.

„როცა ჩემი სამსახური გადავიდა ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში გამოიცა განკარგულება, რითაც კიდევ ერთხელ დამევალა, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებების შესრულება, ეს თუ დანაშაული იყო მაშინ რატო მავალებდა ბიძინა ივანიშვილი ამ განკარგულებების შესრულებას?!“ განაცხადა - თემურ ჯანაშიამ.

ამავე თემაზე საუბრობს ჯანაშიას ადვოკატი, ბექა ბასილაია, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილი იმ პროცესში ჩართული იყო, რასაც დღეს გაფლანგვას ეძახის.

„ბიძინა ივანიშვილმა მიიღო 2013 წლის 15 თებერვალს განკარგულება და ნება დართო პრეზიდენტის დაცვის სამსახურს გაეგრძელებინა, მსგავსი ხარჯების გაწევა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეძახის გაფლანგვას ამ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული,“ - განაცხადა ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები