„განსაკუთრებული ხდება ის, რომ მიუხედავად წარსულისა, მიუხედავად თანამდებობრივი პოზიციისა, ყველა ადამიანი კანონის წინაშე არის თანაბარი,“ - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ყოფილი მინისტრების დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით გააკეთა.
საგამოძიებო უწყებები ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდით დაინტერესდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს.
ლევან იზორიას განცხადებით, თუ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს კითხვები აქვთ, ყველამ პასუხი უნდა გასცეს.
„როდესაც არსებობს კითხვები გამომდინარე კანონის უზენაესობის პრინციპიდან, ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ გასცეს პასუხი, ეს არის სწორედ საზოგადოების, სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების ინტერესში. აქედან გამომდინარე, მე ამაში განსაკუთრებულს არაფერს ვხედავ. განსაკუთრებული ხდება ის, რომ მიუხედავად წარსულისა, მიუხედავად თანამდებობრივი პოზიციისა, ყველა ადამიანი კანონის წინაშე არის თანაბარი,“ - აცხადებს ლევან იზორია.