„მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია,“ - ასე აფასებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ყოფილი მინისტრების საგამოძიებო უწყებებში გამოკითხვაზე დაბარებას.
საგამოძიებო უწყებები ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდით დაინტერესდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს.
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მინისტრების დაბარება ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ მიმართული არ არის.
„ღიად შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი მინისტრი და სამინისტროს მენეჯმენტი ყოველთვის თანამშრომლობს საგამოძიებო თუ სამართალდამცავ ორგანოებთან იმ საკითხებზე, რომელიც არის მისი სამინისტროს მართვის ქვეშ. თვითონ განაცხადა ქუმსიშვილმა, რომ საკითხების დიდი ნაწილი, რაზეც ის გამოკითხვაზე იყო დაბარებული, შეეხებოდა მისი მინისტრობის დროინდელ პერიოდში მის მიერვე გაგზავნილ მასალებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არა ბრძოლა კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ, არამედ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ,“ - განაცხადა სერგეენკომ.