საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. თეა წულუკიანის თქმით, საგამოძიებო უწყებას თუ კითხვები აქვს, ყოფილმა მინისტრებმა პასუხები უნდა გასცენ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, გუნდში კომუნიკაცია არ იყო და სწორედ ამის გამო გახდა საჭირო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
„შემიძლია, ეს მხოლოდ და მხოლოდ, დავადასტურო სუსტი კომუნიკაცია და მე ვიტყოდი, გუნდურობის შემაშფოთებელი შესუსტება. გუნდურობა, როდესაც სუსტდება და სუსტდება იმ დონეზე, რა დონეზეც იყო შესუსტებული, ბოლო დროს, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო გახდა უკვე ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება. არ მაქვს არანაირი საფუძველი და ვერ მექნება, რომ დღეს ვისაუბრო რაიმე ტიპის გარიგებებზე, დანაშაულზე. ყველა ადამიანი ვსარგებლობთ უდანაშაულობის პრეზუმფციით, მე არ გახლავართ არც პროკურორი, არც გამომძიებელი, ამისთვის არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები და ორგანოები,“ - განაცხადა წულუკიანმა.