27 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
ბათუმში 4 ადამიანი დაჭრეს

4 ადამიანი დაჭრეს ბათუმში - შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდები თბილისის მცხოვრებლები არიან და ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთ დაჭრილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ორი მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

ახალგაზრდებს ჭრილობები მუცლის ღრუსა და ბარძაყის არეში, ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ახალგაზრდის დაჭრის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული ერთი მოქალაქეა დაკავებული. მან დაზარალებულებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, კონფლიქტის მიზეზი კი ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

წაყენებული ბრალი 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები