თბილისის საკრებულოს უმრავლესობა საბიუჯეტო ცვლილებას მხარს დაუჭერს. საკრებულომ თბილისის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდას უნდა უყაროს კენჭი.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ოპოზიციის კრიტიკას საბიუჯეტო სახსრების უყაირათიანოდ ხარჯვასთან დაკავშირებით, არ იზიარებს.
დავითულიანი აცხადებს, რომ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზრდება, სარეკლამო ხარჯებიც.
„ტრადიციული შენიშვნები აქვთ, იმიტომ, რომ ოპოზიციაა და შენიშვნები უნდა ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს მთავარი პოზიტივი ის, რომ თბილისის ბიუჯეტი პირველივე წელს 800 მილიონიდან 917 მილიონ ლარამდე გავზარდეთ უკვე და ამ გაზრდილი ბიუჯეტი ფარგლებში ვზრდით შესაბამისად, ხარჯებსაც,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება, თუმცა მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, მაგალითად, სარეკლამო და პიარ მიმართულებაზე. რის გამოც, ოპოზიცია ფულის უყაირათო ხარჯვაზე და წინა საარჩევნო ტაშ-ფანდურზე საუბრობს. ბიუჯეტის განხილვა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დილიდან ხმაურით მიმდინარეობს.