„ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თანაგუნდელის, ზაქარია ქუცნაშვილის მოსაზრებას არ იზიარებენ. მმართველი გუნდის დეპუტატები არ ეთანხებიან ქუცნაშვილის განცხადებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი არ უნდა დაუჭიროს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მმართველი პარტია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში გარკვეული სახით უნდა ჩაერიოს.
„ზაქარია ქუცნაშვილს ასე მიაჩნია, მე არ მიმაჩნია, მე სხვანაირად მიმაჩნია, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ასე თუ ისე უნდა ჩაერიო, თუმცა, ჩარევას გარკვეული ფორმა და გარკვეული ნორმები სჭირდება,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
გიორგი ვოლსკიმ ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოპონენტები მხოლოდ ქვეყანაში დაძაბული სიტუაციის შექმნას ცდილობენ.
„ოპოზიცია არ არსებობს, არსებობს გარკვეული შეთქმულთა სექტა, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს და მოხდეს ის, რაც მათი აზრით, მოიყვანს მათ ხელისუფლებაში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიცია და დამოუკიდებელი კანდიდატები შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ამით დემოკრატიის ხარისხი მაღლა აიწევს.
„თუ ვფიქრობთ იმას, რომ დემოკრატია კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს და დემოკრატიამ კიდევ უფრო მეტად გაიდგას ფესვები ჩვენს ქვეყანაში, ბუნებრივია, ის ვერსია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ წამოაყენოს, უკეთესი იქნება, ამ ჭრილში და, ბუნებრივია, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო მეტად იყოს ეს ევროპული მიდგომა და ევროპული სისტემა,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.