„ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ თავისი სატელიტი კანდიდატები შეაჯიბროს ერთმანეთს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ საპრეზინდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.
თინათინ ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი ცდილობს, რომ პლურალიზმის ილუზია შექმნას და სწორედ ამ მიზნით, მიაღებინებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს.
„ის სალომე ზურაბიშვილს ამ მიზნით აყენებს, რომ შექმნას ვითომ პლურალიზმის ილუზია, სადაც ისინი არ იღებენ მონაწილეობას და სინამდვილეში, სრულ ფარსში მიაღებინოს მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
თინათინ ბოკუჩავა ამომრჩეველს საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს გაერთიანებული ოპოზიციის ძალიან ღირსეულ და ძალიან გამოცდილ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს და დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.