თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დამატკიცა - ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა.
სხდომა კამათის ფონზე წარიმართა, ოპოზიციის კითხვებს თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე პასუხობდა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი დაინტერესდა, რატომ გაიზარდა რეკლამების დაფინანსება, მაშინ, როცა სოციალურად დაუცველთა პრობლემები მოსაგვარებელია.
„2,6 მილიონი ლარი, რომ იყო PR-ში, რატომ არ გვეყო და რატომ ვამბობთ, რომ ნახევარი მილიონი ლარი უნდა დავამატოთ. გულწრფელად გეუბნებით, ვერ გავიგე. მაშინ, როცა სოციალურად დაუცველებს 1.13-ად ვაჭმევთ, თუ PR-ში ფულს გადავიხდით, შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ხაშლამა ან გოჭი ჭამეს? ასე ხომ არ გამოვა. კულტურული მიმართულებით 4 მილიონი ლარი ისედაც ხომ იყო გათვალისწინებული და რატომ გადავწყვიტეთ რომ კულტურაში, რაღაც ტაშ-ფანდურსა და კონცერტებში ერთი მილიონი ლარით მეტი რატომ უნდა დავხარჯოთ,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა ხაბეიშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ტაშ-ფანდური ენმ-ში უნდა მოიკითხოს.
„რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, ეს საზოგადოებაში, ქალაქურ ცხოვრებაში ამას კულტურა ჰქვია, რაც სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ. ტაშ-ფანდური მოიკითხეთ თქვენს პარტიაში და ღონისძიებებში,“
მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ საკრებულოს ოპოზიციის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ მერიის ადმინისტრაციაში ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდას კონკრეტული მიზეზები აქვს.
„უნდა გვესმოდეს, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ცხენებით ვერ ივლიან, მათ უნდა იარონ ავტომობილებით და ავტომობილი უნდა იყოს გამართული,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.