„ივანიშვილს კარგად ესმის, რომ "ქართული ოცნების" რესურსი, საკუთარი სახელით და საკუთარი ნომრით მოიგოს არჩევნები, ძალიან შეიზღუდა,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.
დავით ბაქრაძე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებს.
ბაქრაძის განცხადებით, მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მაღალი არ აქვს და სწორედ ამიტომ გეგმავენ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერას.
„ივანიშვილს კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნების“ რესურსი, საკუთარი სახელით და საკუთარი ნომრით მოიგოს არჩევნები, ძალიან შეიზღუდა, ამიტომ, ცდილობენ, ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის თემის შემოგდებას, თუმცა რანაირად იქნება კანდიდატი დამოუკიდებელი , თუ მის უკან იდგება ქართული ოცნება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კვლავ უცნობია, ეყოლება თუ არა "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატი და რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მმართველი გუნდი მოახლოებულ არჩევნებში. კონსულტაციები გუნდში, წესით, მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა ვერსიები კვლავაც სხვადასხვაა.
სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე უნდა დაასახელოს არჩევნების თარიღი მოქმედმა პრეზიდენტმაც. ოქტომბრამდე 2 თვე, რჩება თუმცა, გიორგი მარგველაშვილი ამჯერად არ ჩქარობს. წინა არჩევნებზე მან თარიღი 4 თვით ადრე გამოაცხადა.