ჩვენ არ გვიჭირავს ჯადოსნური ჯოხი, რომ ყველაფერი უცებ გავაკეთოთ - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა.
ლევან გოგიჩაიშვილი სამოქალაქო სექტორის კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესი არ ჭიანურდება. სამოქალაქო სექტორი მმართველ გუნდს დროის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ ყოფილა და მისი თქმით, გარკვეულ საკითხებზე შეჯერება გართულდა.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ „ფაქტობრივ დეკრიმინალიზაციაზე“ გუნდში უკვე შეთანხმდნენ და მათი თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული რეფორმა რადიკალური არ იქნება.
"ქართულ ოცნების" ლიდერების თქმით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ცვლილებები პარლამენტმა შესაძლოა, სექტემბრის დასაწყისში უკვე მიიღოს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით კი, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არ არსებობს.
ნარკოპოლიტიკის შესახებ რეფორმას საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით პრინციპული შეთანხმება გუნდში მიღწეულია.
„ძირითადი პრინციპები შეჯერებულია, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია თუ დარჩა კითხვები რა თქმა უდნა ინიციატორებსაც და ავტორებსაც და დეპუტატებსაც ექნებათ შესაძლებლობა ეს სასესიო ფორმატში გავაგრძელოთ. გადაწყვეტილება უნდა იყოს კონსესუსის გზით მიღებული. არის საკითხები, რომელზეც ყველა ვთანხმდებით და ეს არის უფრო ჰუმანური სამართლიანი მიდგომა ნარკოპოლიტიკის კუთხით და არსებული საკანონმდებლო რეგულაციების შეცვლა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.