პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ამ დრომდე არდასახელების გამო აკრიტიკებს.
ოთარ კახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ თარიღის დასახელების გაჭიანურება, საარჩევნო სუბიექტებს კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაში ხელს უშლის.
კახიძის თქმით, პრეზიდენტი საკუთარ განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან აქამდე მარგველაშვილი აცხადებდა, რომ განჭვრეტადობა და საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა მნიშვნელოვანი იყო.
„პრეზიდენტი თავად აცხადებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო განჭვრეტადობა, მნიშვნელოვანი იყო კამპანიის დაგეგმვა და ამას ეწინააღმდეგება მისი მხრიდან თარიღის განუსაზღვრელობა, შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს ჯერ ერთი, რომ გაიგოს, როდის არის არჩევნები. ასევე, ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს, კონკრეტული თარიღი იმისთვის, რომ დაიგეგმოს ყველა შესაბამისი ღონისძიება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ოქტომბრამდე 2 თვე რჩება, თუმცა გიორგი მარგველაშვილი ამჯერად არ ჩქარობს. წინა არჩევნებზე მან თარიღი 4 თვით ადრე გამოაცხადა.