„მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური,“ - ეს განცხადება „გირჩის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.
ზურაბ ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმებულია.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.
„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება კონკრეტულად მარიხუანას მოხმარებას და მის ადმინისტრაციულ სასჯელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში არის პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური ანუ ადამიანებს ამ ქვეყანაში ვეღარ დასჯიან, ვეღარ სჯიდნენ სისხლის სამართლით და ვეღარ დასჯიან ვეღარც ადმინისტრაციულად,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საკონსტიტუციო სასამარლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა "გირჩის" სარჩელი მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის პირს ადმინისტრაციული ჯარიმა არ დაეკისრება.