ადიგენში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს საარჩევნო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მსჯელობენ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა სცემეს.
ოპოზიციაში მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემო არათანაბარი და ძალისმიერია.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” წევრის, ნინო გოგუაძისთვის გაუგებარია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობენ პოლიტიკურ მოტივზე.
„მათ საჩივარში პოლიტიკურ მოტივთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ იკვეთება, რომელიც შეიძლება ადასტურებდეს ამ პოლიტიკურ მოტივს. ამიტომ, თუ ისინი ვერ შეძლებენ მტკიცებულებების წარმოდგენას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ეს სცდება არჩევნებთან დაკავშირებულ კონტექსტს,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
პოლიტიკური ანგარიშსწორების დასადასტურებლად პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ამ დრომდე არცერთი პირი არ არის დასჯილი.
„თუ არ არის ამაში პოლიტიკური შემადგენელი, მაშინ გვანახონ ერთი ადამიანი მაინც დასჯილი მაინც ამ ქმედებისთვის. დღემდე, რომ გამზადებული აქვთ პასუხი, რომ ამაში პოლიტიკური შემადგენელი არ არის გამოძიებამდე, ესეც ასევე ნიშანდობლივია. ეს ბევრს მეტყველებს საარჩევნო კლიმატზე და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარ დეპუტატს ადიგენში, ზურაბ შაინიძეს ორი დღის წინ სცემეს. შანიძის ინფორმაციით, მას ფიზიკურად "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გაუსწორდნენ.
ზურაბ შაინიძის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სტადიონზე დაპირისპირებული ახალგაზრდების გაშველება სცადა. ამის შემდეგ დეპუტატის განცხადებით, ადგილზე მმართველი გუნდის რამდენიმე ათეული, ხელკეტებითა და ჯოხებით შეიარაღებული მხარდამჭერი მივიდა და სცემეს.