პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაყენებაზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში. არსებობს მოსაზრება, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით არჩევნებში, სალომე ზურაბიშვილი “ოცნების” მხარდაჭერით მიიღებს მონაწილეობას.
ოპოზიციის წევრები კი აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს „ქართული ოცნება,“ ის დამოუკიდებელი ვეღარ იქნება.
”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუკი დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა გამარჯვება პირველ ტურში, ეს არ იქნება ეს არ იქნება „ქართული ოცნების“ დამარცხება.
„დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერით, ისინი ერთის მხრივ ცდილობენ ნიველირებას, რომ თითქოს არ არის მნიშვნელოვანი არჩევნები, რომ თავისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით ბევრი ხალხი მოიყვანონ და მეორე მხრივ, აქვთ გეგმა ბ. თუ წააგო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ეს არ იქნება „ქართული ოცნების“ დამარცხება ამ არჩევნებში. თავად ივანიშვილმა დაუშვა ფაქტობრივად, რომ შეიძლება ოპოზიციამ გაიმარჯვოს არ არჩევნებში. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ერთიანი ოპოზიცია გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, სწორი მუშაობის შემთხვევაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის იდეა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
„ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნების“ რესურსი, საკუთარი სახელით და ნომრით მოიგოს არჩევნები, ძალიან შეიზღუდა. ამიტომ ცდილობენ, ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის თემის შემოგდებას, თუმცა რანაირად იქნება კანდიდატი დამოუკიდებელი, თუ მის უკან იდგება „ქართული ოცნება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა ფარსია.
„ვითარება არის საკმაოდ რთული „ქართული ოცნებისთვის“ და რასაც აკეთებენ, ვითომდა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს არის ფარსი, ეს არის მოქალაქეების კიდევ ერთი მოტყუება, ეს არის კიდევ ერთი, ძალიან დიდი გარიგება ბოკერიას პარტიასთან, რომ კარგად გაათამაშონ ეს სცენარი. და ეს არის მძიმე შედეგების მომტანი საქართველოს მომავლისათვის,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
კვლავ უცნობია, ეყოლება თუ არა "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატი და რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მმართველი გუნდი მოახლოებულ არჩევნებში. კონსულტაციები გუნდში, წესით, მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა ვერსიები კვლავაც სხვადასხვაა.