საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, გიორგი ლომთაძე, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას განმარტავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტის მიერ კანონის გამკაცრების შესახებ საუბრისას გიორგი ლომთაძე აღნიშნავს, რომ რეგულაციები სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა მოიყვანოს კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში.
„კონკრეტული ზიანის მიყენების ფაქტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს კანონის შემფარდებელმა. ეს არის ის საკანონმდებლო რეალობა, რაც შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შედეგად. კონკრეტული გარემოებები და კრიტერიუმები სწორედ საქართველოს პარლამენტმა უნდა მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად,“ - განაცხადა გიორგი ლომთაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტი კანონის გამკაცრებით პასუხობს.
პარლამენტის მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს არასრულწლოვანს, კონკრეტულად კი, 21 წლამდე ასაკის ადამიანს.
გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც მისი მოხმარება იქნება დაშვებული. აკრძალვები შეეხება საჯარო სამსახურებს და იმ პროფესიის ადამინებს, რომელზეც ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.
გუშინ საკონსტიტუციო სასამარლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა გირჩის სარჩელი მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის პირს ადმინისტრაციული ჯარიმა არ დაეკისრება.