ჭუბერსა და ხაიშში კრიზისი გრძელდება. 5 დღეა, ადგილობრივები საკუთარი პირობებისა და მოთხოვნების ჩამონათვალს ამზადებენ და მთავრობასთან მოლაპარაკებებს ელოდებიან.
ხის საწარმოები კვლავ გაჩერებულია, თბილისში დაგეგმილი შეხვედრა კი ჩაიშლა. გადაწყდა, რომ ერთ კვირაში მთავრობის წარმომადგენლები სვანეთში თავად ჩავლენ.
ჭუბერელები და ხაიშელები მთავრობას ულტიმატუმით დახვდებიან, თუ დათმობა არ იქნება, გზებს ისევ გადაკეტავენ.
ადგილობრივები არ უარყოფენ, რომ შესაძლოა, ხე-ტყის მოპოვება-დამუშავების პროცესში დარღვევები მართლაც იყო, თუმცა, ამას პრობლემურ და ხარვეზიან კანონმდებლობას უკავშირებენ.
ჭუბეირსა და ხაიშის მოსახლეობა ითხოვს, ხელისუფლებამ კანონი მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის მოთხოვნებს მოარგოს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არც ჭუბერში და არც ხაიშში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახერხ საამქროებს ხელისუფლება სამუდამოდ დახურავს, მაშინ მოსახლეობის დასაქმების ალტერნატულ გზაზე უნდა იფიქროს.
მთავრობის სახელით ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობასთან მომლაპარაკებელი სოზარ სუბარი იქნება.
სუბარი ამბობს, რომ მოკლევადიან შეთანხმების მიღწევა სვანებთან რთული იქნება, თუმცა, იმედი აქვს, რომ საბოლოოდ მაინც მოილაპარაკებენ.
სვანეთში ვითარება 5 დღის წინ დაიძაბა, როდესაც ფინანსურმა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო და უკანონო ხე-ტყის ჭრის გამო, ადგილობრივი საამქროები დალუქა. ადგილობრივების პროტესტის გამო, სვანეთში სპეცრაზმის ჩაყვანაც გახდა საჭირო.
ადგილობრივებმა ხატზე დაიფიცეს, რომ სოფლისა და ერთმანეთის უფლებებს ბოლომდე დაიცავენ და, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, პროტესტს ისევ რადიკალური ფორმებით გამოხატავენ.
ავტორი: ემა გოგოხია