20 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
„კურიოზულია საერთოდ ის ეპითეტები და სიტყვები რასაც იყენებს მარგველაშვილი" - ვოლსკი პრეზიდენტს აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ 2013 წელს არჩევნებისას ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და მას მხარდაჭერას "ქართული ოცნება" მუდმივად "აყვედრიდა", მმართველი გუნდი ეხმაურება. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს არასერიოზულს და კურიოზულს უწოდებს. 

გიორგი ვოლსკის განცხადებით, საჭიროა პრეზიდენტი საკუთარ განცხადებებს უფრო სერიოზულად მოეკიდოს.

„კურიოზულია საერთოდ ის ეპითეტები და სიტყვები რასაც იყენებს მარგველაშვილი. არ ვიცი რას აპირებს, მე თვითონ არ ვარ განწყობილი, რომ ყოველთვის ესეთი შეფასება გავაკეთო კრიტიკული, მაგრამ რაღაც მართლა კურიოზული და კომიკური გახდა ყველაფერი რასაც ამბობს ბოლო პერიოდში. უფრო სერიოზულობაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დრო დარჩა ვადის ამოწურვამდე“-აცხადებს გიორგი ვოლსკი.

რაც შეეხება პრეზიდენტის კრიტიკას, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის არ დასახელებას ეხება, ვოლსკი ამბობს, რომ კრიტიკის ამ ნაწილში საქართველოს პრეზიდენტს ეთანხმება. მისი თქმით, საჭიროა, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გადაწყვეტილება ამომრჩეველს გააცნოს და დაასაბუთოს.

„ფაქტია, და ეს არ არის კარგი, ვფიქრობ უახლოეს პერიოდში უნდა ჩამოვყალიბდეთ და ვთქვათ ძალიან მყარად და მკაფიო პოზიცია რას ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით და დავასაბუთოდ იმიტომ რომ საზოგადოება ამას მოელის“-ამბობს ვოლსკი.

საქართველოს პრეზიდენტმა კურიოზული უწოდა „ქართული ოცნების“ წევრების იმ განცხადებებს, სადაც პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის უმჯობესია, თუ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს.

გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეახსენა, რომ 2013 წელს ისიც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, თუმცა მომდევნო ხუთი წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ მუდმივად „აყვედრიდა“ ამ მხარდაჭერას და ვალდებულად თვლიდა, რომ ყველა საკითხში დათანხმებოდა.

პრეზიდენტმა მმართველი გუნდი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ამ დრომდე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

დღის ამბები