ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია. პრეზიდენტმა დღე დაასახელა, თუმცა ღიად დატოვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკური გეგმები კვლავ ბუნდოვანია. პრეზიდენტს არ უთქვამს, რას აპირებს და გახდება თუ არა ის სახელმწიფოს მეთაურობის კიდევ ერთი პრეტენდენტი. არჩევნებამდე 88 დღით ადრე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა არ იცის, იბრძოლებს თუ არა მეხუთე და ბოლო არჩეული პრეზიდენტობისთვის.
გიორგი მარგველაშვილს მოსაფიქრებლად დრო კიდევ სჭირდება, თუმცა დღეს მინიშნებით თქვა, რომ უფლებაშეზღუდული პრეზიდენტობის აზრს ვერ ხედავს.
ტოტალური ჩამოუყალიბებლობის მიზეზებზე საუბრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიდგომაც გააკრიტიკა. გიორგი მარგველაშვილი უპარტიო კანდიდატის, სავარაუდო მხარდაჭერას წინასაარჩევნო კურიოზად აფასებს და მმართველ გუნდს ღია წესებით მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ოფიციალური კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ არც ჰყავს. ვითარება რომ რთულია, ამას ადასტურებენ მმართველ გუნდში. უხერხული პოლიტიკური რეალობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და კრიტიკას კრიტიკით პასუხობს.
რატომ დატოვა საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი მაღალი ინტერესის მიუხედავად ისევ გაურკვევლობაში, ამის მიზეზად ოპოზიცია პოლიტიკაში დარჩენის შესახებ მარგველაშვილის ჩამოუყალიბებლობას ასახელებს. ამის მიუხედავად ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობის განაწილება მოქმედ პრეზიდენტს მაინც მოუწევს.
პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის კი ნაკლებად საინტერესოა, როგორი იქნება გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება.
გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების ქვეყანაში 28 ოქტომბერს გაიმართება.