„რაც მოხდა, გახლავთ არა ნარკო ლიბერალიზაცია, არამედ ივანიშვილის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სპეცნარკო ოპერაცია,“ - ასე ეხმაურება შალვა ნათელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებას ადასტურებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდება.
შალვა ნათელაშვილს ასევე აქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მოწვევით საქართველოში კოლორადოდან ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს კი სწორედ მარიხუანას საკითხის განხილვა წარმოადგენდა.
ნათელაშვილი კორუფციულ სქემებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველომ და ზოგადად, რეგიონმა ბიძინა ივანიშვილის სახით, ახალი ნარკობარონი შეიძინა.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დავალებით გამოიტანა.
„რაც მოხდა, გახლავთ არა ნარკო ლიბერალიზაცია, არამედ ივანიშვილის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სპეც ნარკო ოპერაცია. ნარკო გაყიდვები აქ დაწყებული იყო ოფიციალურად შეუზღუდავად და ამ ბიზნესის სათავეში ყოფილიყვნენ ივანიშვილი თავის მამაცაშვილიან, უტიან, ბერაიანად. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა ივანიშვილის დავალებით, იმისათვის, რომ საქართველოში ოფიციალურად დაიწყოს ნარკოტიკებით ვაჭრობა და ამ ვაჭრობის სათავეში, რა თქმა უნდა, იჯდება ივანიშვილი. ეს სკრიპტოვალუტა, ეს ბიტკოინები, ეს ფულის გადარიცხვები, ეს ობშორები, ყველაფერი უკავშირდება ნარკოტიკების დიდი ოდენობით ვაჭრობას, გადაზიდვას, გასაღებას, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს შუა აზიელ ოლიგარქ მაშკევიჩთან ერთად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.