20 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
თბილისის გენერალური გეგმა - საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა

საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა. სხდომაზე თბილისის გენერალურ გეგმას განიხილავდნენ. ოპოზიციას მმართველ გუნდთან კითხვები გეგმის ფუნქციურ ზონირებასა და დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით ჰქონდა.

სწორედ ამ კითხვების შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა მერის მოადგილე მაია ბითაძესა და ფრაქცია „ნაციონალური“ მოძრაობის წარმომადგენელს ლილე ლიპარტელიანს შორის.

„მაია ბითაძეს მრავალჯერ დავუსვით ეს კითხვა, როგორ აპირებს ამ პრობლემის გამოსწორებას, კითხვაზე პასუხი არ გაგვცა, არც წინა განხილვაზე, რაც დღევანდელ განხილვაზე და ეს არის ჩვენი გონივრული ეჭვი, რომ ფუნქციური ზონირება სპეციალურად არის დატანილი ისე, სარეკრეაციო ზონებზე, რომ შემდგომ საკრებულოს გვერდის ავლით მოხდეს მშენებლობის ნებართვების გაცემა,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლილე ლიპარტელიანმა.

მერის მოადგილემ ოპოზიციას არითმეტიკა დაუწუნა.

„ეჭვი მეპარება, არითმეტიკასთან პრობლემა აქვთ, იმიტომ რომ რაზეც სამი თვე ვიმუშავეთ, ეს იყო ბალანსი. და ბალანსი, რომელმაც აჩვენა, რომ 6 მილიონი კვადრატული სამშენებლოდან არასამშენებლოში გადავიდა, გადავიდა იმის ხარჯზე, რომ რეკრეაციული და შეზღუდვითი ზონები გაიზარდა,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის გენ გეგმა საკრებულომ ორ კვირაში უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები