ოპოზიცია პრეზიდენტის ინიციატივას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა საზოგადოების კონსესუსის შედეგად მოხდეს, მხარს უჭერს.
საპარლამენტო ოპოზიციაში პრეზიდენტის მისამართით მმართველი გუნდის კრიტიკას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მათი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი პირი დანიშნოს.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტზე მორიგ შეტევას ახორციელებს.
„მათ კიდევ უფრო მეტად უნდათ, დაამცირონ და დააკნინონ ეს ინსტიტუტი და მერე მორიგი, როგორც პროკურატურის შემთხვევაში მოხდა, ჯიბის მოსამართლე დანიშნონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და ამას გაწელავენ, ალბათ, როგორც ჩანს, პრეზიდენტის არჩევნებამდე,“ - განაცხადა გოცირიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, ყველა საკვანძო თანამდებობაზე მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი პირი დანიშნონ. აბესაძე პარალელს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესთან ავლებს.
„ისინი ეცდებიან, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც იყოს მათ პოლიტიკურ ნებას, ივანიშვილის პოლიტიკურ ნებას დამორჩილებული. აქედან გამომდინარე, მარტივად აიხსნება მათი კრიტიკა პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი. თუმცა, თავად პრეზიდენტს გააჩნია ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, შეარჩიოს რეალურად დამოუკიდებელი, პრინციპული და პროფესიონალი კადრი,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
აბესაძის თქმით, გვენეტაძემ ვერ შეძლო სასამართლოში არსებული ხარვეზების მოგვარება და ახალმა თავმჯდომარემ უნდა მოახერხოს სასამართლოსთვის ნდობის დაბრუნება.
ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პრეზიდენტმა დააანონსა, რომ ორშაბათიდან დაიწყება კონსულტაციები ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით.