„მე უფრო მეტი მოლოდინი მქონდა და მეგონა, რომ უფრო მეტ კითხვას დამისვამდნენ საქმის შინაარსთან და სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით,“ -ეს განცხადება ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ირაკლი შოთაძე შს მინისტრთან ერთად ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის კითხვებს პასუხობდა.
ირაკლი შოთაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ფაქტი, თითქოს, ხორავას ქუჩაზე ფარდული პოლიციელებმა დაანგრიეს.
„დადგენილია დღესდღეობით, მათ შორის, კომისიის მიერაც, რომ ეს ფარდული არ არის პოლიციელების მიერ დანგრეული და დაანგრიეს თვითონ იქვე მცხოვრებლებმა საკუთარი სურვილით,“ - განაცხადა შოთაძემ.
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე, გაღუნულ დანაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის გამოყენება კვლავ შესაძლებელია.
„რაც შეეხება, გაღუნულ დანას, შემიძლია გითხრათ, რომ გაღუნული არ არის, არის მცირედი დეფორმირება, რომელიც მხოლოდ მიკროსკოპით არის ხილვადი და შესაბამისად, ამ დანის შემდგომი ექსპერტიზებისთვის თუ საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის გამოყენების შესაძლებლობა კვლავ არსებობს,“ - განაცხადა შოთაძემ.