მმართველი გუნდის მორიგი შეხვედრა - საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრები და მინისტრები დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული. უცნობია საკითხები, რომელზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმსჯელებენ. თუმცა სავარაუდოდ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.
მმართველ პარტიას კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია. "ქართული ოცნების" წევრების ნაწილს მიაჩნია, რომ პარტიას არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, მეორე ნაწილი კი, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნებზე მხარი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს.