რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით თბილისს პოლონეთის ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერი ეწვევიან.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში.
ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზსაც და პატივს მიაგებენ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. შეხვედრები გაიმართება როგორც მთავრობის წევრებთან, ისე პრეზიდენტთან.
„რუსეთის აგრესიის და ოკუპაციის 10 წლის თავს აქტიურად ეხმიანება საერთაშორისო საზოგადოება, სწორედ ამ კონტექსტში ჩვენს ქვეყანას ესტუმრებიან ჩვენ პარტნიორი, მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად მიიღებ მონაწილეობას მთელ რიგ ღონისძიებებში. ჩვენი მეგობრების ვიზიტი, ისევე როგორც ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, წარმოადგენს მტკიცე გზავნილს იმ ფაქტისა, რომ პარტნიორები, საერთაშორისო საზოგადოება არ ეგუება რუსეთის ოკუპაციას,“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.