20 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
მედვედევის განცხადება მოწმობს, რომ რუსეთი სერიოზულად ეკიდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას - თენგიზ ფხალაძე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის იმ განცხადებას  ეხმაურებიან, სადაც მედვედევმა საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, მედვედევის განცხადებაში სიახლე არაფერია.

ფხალაძის თქმით, მედვედევის განცხადება მოწმობს, რომ ბრიუსელის სამიტის შემდეგ რუსეთი სერიოზულად ეკიდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას.

„რუსეთი ცდილობს, განავითაროს ის მითი, თითქოს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან. უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ რაზეც მეტყველებს და მოწმობს ეს განცხადება არის ის, რომ რუსეთში, განსაკუთრებით, ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მერე განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს,“ - განაცხადა ფხალაძემ.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სწორედ ნატო-სთან ურთიერთობა არის საქართველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება რადიო "კომერსანტის" ეთერში გააკეთა. 

„საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მისივე თქმით, 2008 წელს საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

დღის ამბები