20 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობა - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს მიმდინარე კონსულტაციები დამთავრდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს მიმდინარე კონსულტაციები დამთავრდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეხვედრის დროს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონკრეტული გვარები არ დასახელებულა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატისთვის საჭირო მთავარ კრიტერიუმად აუცილებელი კვალიფიკაცია, საზოგადოების ნდობა და აპოლიტიკურობა სახელდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრისას სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და იმ კრიტერიუმებზე იმსჯელეს, რომელიც ამ გამოწვევებს მოაგვარებს.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პოლიტიკურ ჯგუფებთანაც, მათ შორის, პარლამენტთან.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. ნინო გვენეტაძის წასვლის ოფიციალურ ვერსიად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, თუმცა, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები ამბობენ, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომა კლანურმა დაპირისპირებამ გამოიწვია.

დღის ამბები