20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
„კანდიდატი, რომელიც არც ერთი პარტიის მიერ არ იქნება წარდგენილი, უფრო ეფექტურად შეასრულებს პრეზიდენტის ფუნქციას“ - არჩილ თალაკვაძე

„კანდიდატი, რომელიც არც ერთი პარტიის მიერ არ იქნება წარდგენილი, უფრო ეფექტურად შეასრულებს პრეზიდენტის ფუნქციას,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გააკეთა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს.  გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა 2-საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. შეხვედრას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი პარტია - ქართული ოცნება, კანდიდატურას არ დააყენებს. მიგვაჩნია, რომ ახალი კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც ჩვენ მივიღეთ,  ზეპარტიული ფიგურა, ანუ კანდიდატი, რომელიც არც ერთი პარტიის მიერ არ იქნება წარდგენილი, უფრო ეფექტურად შეასრულებს პრეზიდენტის ფუნქციას,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

„ის, რომ ქართულმა ოცნებამ არ წარმოადგინოს კანდიდატი, პირველ რიგში, არის მიმართული იმაზე, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიის განვითარებას შევუწყოთ ხელი, ასევე იმ ინსტიტუციების, იმ საპარლამენტო რესპუბლიკის განვითარებას და ჩვენს მიერ მიღებული კონსტიტუციის შესაბამისი პროცესების მხარდამჭერი პოზიცია იყოს. მე ვფიქრობ, რომ ამომრჩეველს ეს ნამდვილად არ დააბნევს. პირიქით, ეს გადაწყვეტილებაც და მისი ახსნაც ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველს დავანახოთ, თუ რა სახის სახელმწიფოს ვაშენებთ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა. გიორგი ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი კანდიდატურა მოსწონს.

 

დღის ამბები