„დაღუპული გმირებისთვის ყველაზე დიდი პატივის მიგებაა ოქტომბერში ისეთი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც არ დაუშვებს მომხდარ ტრაგედიათა განმეორებას,“ - ეს განცხადება, "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
ნათელაშვილმა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო გარემო ქვეყანაში მოსაწესრიგებელია.
„დაღუპული გმირებისთვის ყველაზე დიდი პატივის მიგებაა ოქტომბერში ისეთი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც არ დაუშვებს მომხდარ ტრაგედიათა განმეორებას და დაიწყებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მაგრამ ეს შეუძლებელია, თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეობას სავალდებულოს იმიტომ არ ხდის, რომ „საარჩევნო ყუთი დარჩეს ქურდებს“.
„მე მოვუწოდებ უძვირფასეს აგარაკებზე უკვე წაბრძანებულ პარლამენტის გაზულუქებულ წევრებს, დაბრუნდით, ჯერ კიდევ არის დრო არჩევნებამდე 3 თვეა, თითქმის და სასწრაფოდ მიიღეთ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის პრინციპი, სხვა შემთხვევაში, არ გაიშვა 25 პროცენტის არჩეული პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.