სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით - საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულმა განცხადებამ დღეს ქართული ოცნება გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდო.
პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისთანავე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 10 წლის წინ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. დაპირების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილს დღეს კითხვებზე პასუხი არ გაუცია და არც მისი ბრიფინგის სკანდალური განცხადება განუმარტავს.
ხმაურიანმა პოლიტიკურმა გზავნილმა მთავარი უხერხულობა ქართულ ოცნებას შეუქმნა, დღეს მმართველი პარტიის ლიდერები სალომე ზურაბიშვილზე დასმულ კითხვას გაურბოდნენ.
თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი კომენტარი, სადაც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ომის დაწყებაში მისივე ქვეყნას ადანაშაულებდა.
ოპოზიცია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რეფერენდუმად უკვე აქცია.
დღეს ოპოზიციამ ქართული ოცნების ამომრჩეველს მიმართა და არჩევანის გაკეთებამდე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების წაკითხვა და დაფიქრება ურჩია.
ქართული ოცნებიდან დღეს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი იყო, ვინც მათივე საპრეზიდენტო კანდიდატის პოლიტიკური გზავნილის წინააღდეგ წავიდა და თქვა, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია, მაგრამ ყველამ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკისაგან თავი შეიკავა.
მთავრობისა და უმრავლესობის წევრებიც ამბობენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებზე ღიად თავის დამოკიდებულებას მაშინ გამოხატავენ, როდესაც მმართველი პარტია საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.