შალვა ნათელაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. "ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, 8 აგვისტო გამოცხადდება ქართველთა გენოციდის დღედ. შალვა ნათელაშვილი ცხინვალსა და აფხაზეთში მოქმედი ყველა თანამდებობის პირის ინტერპოლისთვის გადაცემის აუცილებლობაზეც საუბრობს.
„სწორედ ქართველობას შეეწირნენ, ქართველობის გამო დახოცეს ეს გმირები, ვისი სახელებიც აქ არის ჩამოწერილი და რომლებიც განისვენებენ მუხათგვერდზე, ნიქოზში, აფხაზეთში, ბაბუშერაზე, ცხინვალში. სწორედ ქართველობის გამო გადაწვეს ქართველთა სოფლები, ქალაქები, ქუჩები, სახლები. ჩვენ ყველა მომხდური, ყველა ოკუპანტი, ყველა აგრესორი უნდა ვამხილოთ გენოციდში, მით უმეტეს, ამის მტკიცებულებებია ჩვენი ისტორია და ჩვენი დღევანდელობა და დარწმუნებული იყავით, გამარჯვება ჩვენი იქნება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.