”ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს გორის რაიონის სოფელ ორთაშენში იმყოფებოდა. დავით ბაქრაძემ ომის ვეტერანების პრობლემები მოისმინა.
აფხაზეთის, ცხინვალის და 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ომში მონაწილე პირები სახელმწიფოსგან უყურადღებობაზე საუბრობენ.
დავით ბაქრაძესთან საუბარში ვეტერანები ამბობენ, რომ მთავრობამ არ გაუზარდა პენსია, დევნილთა დახმარების გამო მოხსნილი აქვთ სოციალური შემწეობა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ვეტერანებს საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც ვეტერანებისთვის პირობების გაუმჯობესებას, პენსიის გაორმაგებას ითვალისწინებს.
„დღეს ვხვდებით იმ ადამიანებს, ვის თავზეც, ვის ოჯახზეც, ვის მიწაზეც გადაიარა 10 წლის წინ რუსულმა აგრესიამ. იმ ადამიანებს, ვინც იბრძოდნენ საკუთარი მიწის, ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ქვეყნის დაცვაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ ხალხზე, რომელიც ყოველთვის იცავდა და იცავს ჩვენს სამშობლოს, ჩვენი როგორც პოლიტიკოსების ვალდებულებაა, გვერდით დავუდგეთ ასეთ ხალხს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.