ყოფილ პროკურორს, გიორგი ჭანტურიას ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. აუდიო ჩანაწერი, რომელიც სამართალდამცველებმა, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას დის მანქანიდან ამოიღეს, სავარაუდოდ, მთავარი სამხილია, რის საფუძველზეც პროკურატურამ, ჭანტურია მკვლელობიდან 8 თვის შემდეგ აიყვანა.
აუდიო ჩანაწერის ფრაგმენტი ” კურიერმა” მოიპოვა. ჩანაწერში, მარიამ ჭანტურია საუბრობს. ჭანტურია უცნობ პირს ელაპარაკება და ძმასთან შემდგარ დიალოგს იხსენებს, როდესაც გიორგი ჭანტურია სავარაუდოდ, საფრანგეთში იმყოფებოდა. მარიამ ჭანტურია ძმას, სავარაუდოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ესაუბრება.
კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერის საფუძველზე, რომლიც საქმეში დევს, გამოძიება გიორგი ჭანტურიას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვა-შეძენას ედავება. ჩანაწერში, მარიამ ჭანტურია უცნობ პირს სახლში არსებულ საეჭვო ნივთზე ელაპარაკება.
გენერლის მკვლელობიდან 8 თვის შემდეგ, გიორგი ჭანტურიას მეორედ დაკავების მიზეზი, აუდიო და ვიდეო მტკიცებულებების გარდა, ”კურიერის” ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებებიც გახდა. მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, მოწმეთა ნაწილმა ჩვენება შეცვალა. საქმის მასალებში დევს ერთ-ერთი ჩვენებაც, რომლითაც დასტურდება, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დღეს, გიორგი ჭანტურია ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" ტერიტორიაზე შეიარაღებული იმყოფებოდა.
ბრალდებულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მოწმეებზე სამართალდამცველები თვეების განმავლობაში ზეწოლას ახდენდნენ. დაკავებულის და ადასტურებს, რომ მის ავტომობილში აუდიო მოწყობილობა დამონტაჟებული იყო და ამის შესახებ მას ინფორმაცია ჰქონდა. თუმცა, მისი მტკიცებით, აუდიო ჩანაწერები ფალსიფიცირებულია და დამონტაჟებულია.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია.
გენერალ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასმართლო ხვალ იმსჯელებს. „კურიერის“ ინფორმაციით, პროკურატურა სასმართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.